jueves, 5 de junio de 2014

ალბერ ლამორისის ფილმი "თეთრი ფაფარი"



„თეთრი ფაფარი“ ფრანგი რეჟისორის, ალბერ ლამორისის, ალბათ ერთერთი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე და მართლაც დაუვიწყარი ფილმია (1952) რაც ოდესმე მინახავს,  რომელიც ერთი პატარა ბიჭის და ცხენის ამბავს, უფრო ზუსტად კი თავისუფლების ერთ ლამაზ ისტორიას მოგვითხრობს.
მისი საოცარი კადრები ისეა გადაღებული თითქოს ამ ფილმის უკან არც რეჟისორი იდგეს  და არც ოპერატორი, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ყველაზე რთულია, ვინაიდან უხილავობა პირველ რიგში  დიდ საოპერატორო და სარეჟისორო ოსტატობაზე მეტყველებს, და კიდევ უდაოდ მეტყველებს   თავმდაბლობაზე,  რასაც უფრო და უფრო იშვიათად ვხედავთ თანამდეროვე კინოში, სადაც რეჟისორები ახალი ისტორიების ერთგვარ „დეფიციტს“ განიცდიან და ცდილობენ  ეს სიცარიელე  საკუთარ შემოქმედებაში თავისივე „ანარეკლით“, სპეც.ეფექტებით შეავსონ, აჩვენონ „კლასი“ და კიდევ ათასი რამ, რაც  უბრალოდ მომგებიანი იქნება და მოუტანს წარმატებას. ეს კინოინდუსტრიაა,  არა კინოხელოვნება. ალბათ დამეთამხმებით....
 ამ ფილმზე ალბათ უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ  ასჯერ ნათქვამს ერთი ნანახი სჯობიაო და მეტს არაფერს დავამატებ. მხოლოდ ერთი საინტერესო პარალელი მინდა გავავლო. 
ფილმის ნახვისას უცებ ტარკოვსკის „ივანის  ბავშვობა“ (1962) გამახსენდა, თითქოს რაღაც შინაგანი დიალოგი იგრძნობოდა ამ ორ პერსონაჟს შორის. ეს აზრი კიდევ  უფრო გამიმძაფრდა მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ რუსი რეჟისორის პირველი კინონამუშევარი „სატკეპნი და ვიოლინო“ (1960) ლამორისის  „წითელი ბუშტით“ (1956) ყოფილა  შთაგონებული.

„თეთრი ფაფარისა“ და „ივანის ბავშვობის“ სიუჟეტი წყლის გარშემო ვითარდება, რომელთა გმირები ტბის პირას ცხოვრობენ ან წარსულში უცხოვრიათ. სიზმარს ორივე ფილმი შეიცავს, ისევე როგორც  ოცნებას  სიყვარულზე, თავისუფლებაზე.  „თეთრ ფაფარში“ არსებითი როლი აქვთ ცხენებს თუმცა ივანის სიზმრებშიც გვხდებიან ისინი,  რომელნიც ასევე ტბის პირას ნავარდობენ. ალბათ არც ისაა შემთხვევითი, რომ ორივე ფილმი გმირების წყალში შესვლით სრულდება.
ერთი სიტყვით აშკარაა, რომ ტარკოვსკის „თეთრი ფაფარიც“ ნანახი ჰქონდა და მიღებული შთაბეჭდილება ცნობიერებით თუ არაცნობიერად „ივანის ბავშვობაშიც“  აისახა. 

ესეც რამდენიმე კადრი ამ ორი ფილმიდან. თუმცა ძირითადი მსგავსება მაინც ფილმის ნახვისას შეიგრძნობა.